Friday, May 7, 2010


ოზონის შრე

ოზონი, O3, ჟანგბადის ალოტროპული სახეცვლილებაა, ლურჯი ფერის მკვეთრი სუნის მქონე ფეთქებადი აირი. დუღილის ტემპერატურა +112�ჩ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადის ორატომიანი მოლეკულის გახლეჩვის შედეგად.
დედამიწის ატმოსფეროში ოზონის შემცველობა 0,01%-ია, მაგრამ მიუხედავად ასეთი მოკრძალებული რაოდენობისა, ოზონის შრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და შენარჩუნებაში. ხმელეთზე სიცოცხლის გაჩენა 800 მილიონი წლის წინათ, პალეოზოუმში შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოზონის შრემ გარკვეულ სისქეს მიაღწია.

ზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მასზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების (UV) ზემოქმედებისაგან. რადიაციის შთანთქმის გამო ოზონის ფენის ტემპერატურა მატულობს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე.

ოზონის შრის გამოფიტვა

ულტრაიისფერი გამოსხივების დონე დღეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე 50 ან 100 წლის წინათ. ამას ოზონის შრის გამოფიტვა, ანუ ე.წ. ოზინის ხვრელის არსებობა იწვევს. ოზონის შრის შემცირების შედეგად მეტი ულტრაიისფერი გამოსხივება აღწევს დედამიწამდე.
ჩვეულებრივ მდგომარეობაში ატმოსფეროში დაცულია ბალანსი ოზონის წარმოქმნასა და დაშლას შორის, რაც ოზონის შრის მუდმივობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგრამ ისეთი გარეშე ფაქტორების ზემოქმედების გამო, როგორიცაა ჰაერის დაჭუჭყიანება სამრეწველო გამონაბოლქვით, ეს ბალანსი დაირღვა და უფრო მეტი ოზონი იშლება, ვიდრე წარმოიქმნება, რასაც შედეგად ოზონის შრის გამოფიტვა სდევს.

პირველი ცნობები ოზონის შრის გამოფიტვის შესახებ 1957 წელს გაჩნდა – ინგლისელმა მეცნიერებმა ანტარქტიკის თავზე გაზომეს ოზონის რაოდენობა და ოზონის შრის სისქის მნიშვნელოვანი ცვლილებები დააფიქსირეს. 1985 წლის გაზაფხულზე ასევე ინგლისელი მეცნიერების, მ.მოლინასა და დ.როულინგის მიერ სამხრეთ პოლუსის თავზე უკვე ე.წ. ოზონის ხვრელი იქნა აღმოჩენილი


ოზონის ხვრელი ანტარქტიკას თავზე. 1991 წლის ოქტომბერი.

მას შემდეგ ყოველ გაზაფხულზე (სამხრეთ ნახევარსფეროს გაზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შემოდგომას ემთხვევა) ანტარქტიკაში რეგულარულად იზომება ოზონის შრის სისქე. ბოლო მონაცემების თანახმად, ოზონის შრე იზრდება , შესაბამისად იზრდება UV გამოსხივების ინტენსივობა დედამიწაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოზონის შრის სისქე ციკლურად იცვლება. პოლარული გაზაფხულის დაწყების დროს ოზონის რაოდენობა მცირდება 10, ხანდახან 30%-ითაც; მაგრამ ზაფხულის დადგომისას ოზონის შრე რეგულარულად მატულობს და მეტ-ნაკლებად უბრუნდება პირვანდელ, ნორმალურ მაჩვენებელს. სეზონური ცვლილებები ოზონის შრეში ყოველთვის იყო. ატმოსფეროს საკუთარი დინამიკა ახასიათებს. გარდა ამისა, განსხვავებულია ოზონის შრის სისქე განედების მიხედვითაც: ტროპიკებში ოზონის შრე ყოველთვის უფრო სქელია, ვიდრე პოლუსებზე. ეს თავისებურება ოზონის შრის გამოფიტვისასაც აღინიშნება: ეკვატორის გასწვრივ ოზონის შრე ყველაზე ნაკლებადაა დაზიანებული, მაშინ როდესაც პოლუსებზე ის ყველაზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული




ოზონის შრის გამოფიტვის ბიოლოგიური შედეგები

როგორც ზემოთ აღინიშნა, ოზონის შრე ბუნებრივი ეკრანია და იცავს დედამიწას მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. ოზონის შრის შემცირება პროპორციულად ზრდის ულტრაიისფერი გამოსხივების რაოდენობას, რომელიც დედამიწას აღწევს და სახიფათოა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმისათვის.

ასე მაგალითად, მომატებული ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს პლანქტონს, რომელიც თავის მხრივ თევზებისა და ზღვის ძუძუმწოვრების საკვებს წარმოადგენს და მათ არსებობას საფრთხეს უქმნის. ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდა საზიანოა თვალებისათვის და ადამიანებში კატარაქტას იწვევს. შეიძლება კიდევ მრავალი სხვა მაგალითის დასახელება, მაგრამ რადიაციის ყველაზე უფრო ცნობილი საზიანო შედეგია კანის სიმსივნე. სტატისტიკის მიხედვით, ოზონის შრის 10%-ით შემცირება იწვევს კანის სიმსივნით დაავადებების 26%-ით გაზრდას.
გარემოსდაცვით პრობლემებს შორის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხი საქართველოში ყოველთვის მტკივნეულად აღიქმებოდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს წამყვანი ინდუსტრიული ქალაქები: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ზესტაფონი ატმოსფერული ჰაერით ყველაზე დაბინძურებული ქალაქების რიცხვში შედიოდა. მიუხედავად ბოლო წლებში სამრეწველო და სატრანსპორტო სიმძლავრეების მკვეთრი შესუსტებისა, ეს არასახარბიელო მდგომარეობა საქართველოს ქალაქებში ოდნავ თუ შემცირდა.

საქართველოში ჰაერის გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების რაოდენობის აღრიცხვა ხდება სამრეწველო საწარმოების მიერ ყოველწლიური სტატისტიკური �2-ტპ� (ჰაერი) ფორმის მიხედვით. აღნიშნული ფორმის წარდგენა სოციალ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტში აუცილებელია ყველა მოქმედი საწარმოსათვის.

ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვი მავნე ნივთიერებების ჯამური რაოდენობის დადგენა ხდება ქვეყანაში შემოტანილი ბენზინისა და დიზელის საწვავის რაოდენობისა და ხარისხის დათვლის შედეგად. თუმცა ეს მხოლოდ სახელმწიფო სექტორში რეალიზებულ საწვავს ეხება, კერძო სექტორის მიერ რეალიზებული საწვავის აღრიცხვა კი ჯერ არავის უწარმოებია.

გარდა ამისა, 1991 წლამდე ქვეყანაში არსებობდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კარგად ორგანიზებული სისტემა. დაკვირვებები წარმოებდა საქართველოს 11 ქალაქში: თბილისში (7 სადგური), რუსთავში (4), ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ტყვარჩელში, ზესტაფონში, გორში, მარნეულში, კასპში, ახალციხეში (სულ 34 სამონიტორინგო პუნქტი).

აღნიშნულ სადგურებში დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ იზომებოდა 4 ძირითადი პარამეტრი: მტვერი, ნახშირჟანგი და აზოტისა და გოგირდის დიოქსიდები. სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებები: სულფატები, გოგირდწყალბადები, ფენოლი, ფორმალდეჰიდი, ამიაკი, ოზონი, ბენზაპირინი და მძიმე მეტალები სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით ზოგიერთ პუნქტში იზომებოდა. სამწუხაროდ, საერთოდ არ ტარდებოდა დაკვირვება სათბური ეფექტის გამომწვევ გაზებზე: ნახშირორჟანგზე, ქლოროფლუოროკარბონებზე, მეთანზე და ა.შ.

1991 წლიდან აღნიშნული მონიტორინგის სისტემა ენერგეტიკული კრიზისისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თითქმის მთლიანად მოიშალა და ამჟამად საგრძნობლად შესუსტებული სახით მხოლოდ თბილისში შემორჩა.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს ავტოტრანსპორტი (არასტაციონალური წყარო) და სამრეწველო და ენერგეტიკული საწარმოები (სტაციონალურ წყაროები) წარმოადგენენ. 80-იან წლებში, რომელიც აღინიშნებოდა ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონის სტაბილურობით, ამ წყაროებიდან ყოველწლიურად ჰაერში გამოფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა 1370-1570 ათ. ტონის ფარგლებში მერყეობდა. სტაბილური იყო აგრეთვე ამ დაბინძურებაში არასტაციონარული წყაროების წილი (66-70%).

1990 წლის შემდგომ აღინიშნება ამ წყაროებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის მკვეთრი შემცირება. 1992 წ. მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა 1986 წლის დონესთან შედარებით 4.5-ჯერ შემცირდა. 1992 წლის შემდგომ სახსრების უქონლობის გამო, ავტოტრანსპორტიდან და სტაციონარული წყაროებიდან, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა არ აღრიცხულა სათანადო სამსახურების მიერ. თუმცა უდავოა, რომ წარმოების კვლავაც შემცირების გამო, სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებების ემისია კიდევ უფრო შემცირდა 1992 წლის შემდეგ.

No comments:

Post a Comment